საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა „რადიო მონტე-კარლო"-სთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთ-იტალიის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებში იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გააკრიტიკა.
„მადამ ლე პენის მეგობრების მიერ არჩეული მადამ მელონის ულტრამემარჯვენე მთავრობა, ვერ აგვარებს მიგრაციის საკითხებს, რისთვისაც იგი აირჩიეს"
მინისტრმა აღიარა, რომ სამხრეთ საფრანგეთში მიგრანტების, განსაკუთრებით, არასრულწლოვნების მოზღვავებაა, მაგრამ ამაში მან იტალიის პრემიერ-მინისტრი დაადანაშაულა.
მისი თქმით, სიმართლე ისაა, რომ ტუნისში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო განსაკუთრებით ბევრი ბავშვი გადის იტალიაში, იტალია კი ვერ უმკავდება ამ მიგრაციულ ზეწოლას. მელონი მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად აირჩიეს, ჩვენ კი ვხედავთ, რომ მიგრანტთა ნაკადი იზრდება. მელონი ლე პენს ჰგავს, - განაცხადა ჟერალდ დარმანინმა.
იტალიური პრესა წერს, რომ იტალიაზე თავდასხმით დარმანინმა საფრთხე შეუქმნა საღამოსთვის დაგეგმილ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო ტაიანის ვიზიტს ფრანგ კოლეგა კატრინ კოლონასთან. მინისტრის დელეგაციის წარმომადგენელთა თქმით, ვიზიტი, შესაძლოა, არ შედგეს, საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან განმარტების გაკეთებამდე.
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წელს ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიაში 36000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 9000-ზე ცოტა მეტი.