საფრანგეთის პოლიციამ ცნობილი მსახიობის ალენ დელონის სახლში 72 დაურეგისტრირებელი ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა
ირკვევა, რომ დელონს არც ერთის რეგისტრაციის დოკუმენტი არ აქვს. ასევე არ აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის უფლება.
გარდა ამისა, მსახიობის აგარაკზე პარიზის მახლობლად აღმოაჩინეს სამი ათასზე მეტი ვაზნა და საკუთარი ტირი.
ჩხრეკა მას შემდეგ ჩატარდა, რაც სასამართლოს მიერ დანიშნულმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც მსახიობს სახლში სტუმრობდა, იარაღი შენიშნა. ყველა ნაპოვნი იარაღის და საბრძოლო მასალის კონფისკაცია განხორციელდა.
ალენ დელონი 88 წლისაა. ის მეოცე საუკუნის ფრანგული კინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობია. 2019 წელს დელონმა ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც სრულად არ გამოჯანმრთელებულა. ბოლოს ის საზოგადოებაში 2021 წელს გამოჩნდა - კოლეგისა და მეგობრის ჟან-პოლ ბელმონდოს დაკრძალვაზე.