საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის ქვედა პალატას, ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1932-33 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს.
როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ჰოლოდომორი იყო ხელოვნურად გამოწვეული შიმშილობა,რომელიც მასშტაბებით გამოირჩეოდა საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებთან შედარებით და შეიწირა ოთხ მილიონამდე უკრაინელის, უმეტესად გლეხების სიცოცხლე.
„ეს რეზოლუცია მიზნად ისახავს საფრანგეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის მოსახლეობის იძულებითი შიმშილობის გენოციდად აღიარებას, ასევე ჩადენილი ქმედებების დაგმობას, რომელიც ხასიათდება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების განადგურებითა და მასობრივი დარღვევით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ფრანგ პარლამენტარებს მათი გადაწყვეტილების გამო - „ძლიერი წვლილისთვის ტოტალიტარული რუსეთის დანაშაულების გამოაშკარავებაში – წარსულში და ახლა“.
ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად უკვე აღიარა ორ ათეულზე მეტმა სახელმწიფომ.