ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლომ 13 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა სტენდაპ-კომიკოსს დმიტრი გავრილოვს, YouTube-ზე გავრცელებულ მის ჩანაწერში "აღმოჩენილი" სიძულვილის გაღვივების ბრალდებით.
გადაწყვეტილება ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლომ ორშაბათს მიიღო. გავრილოვის დაკავების საფუძველი გახდა ვიდეო რგოლი, რომელშიც სამართალდამცველებმა „ეროვნების, ენის, წარმომავლობისა და სოციალური კუთვნილების ნიშნით ადამიანის ღირსების შემლახავი“ ნიშნები ამოიკითხეს.
სასამართლოს ვებსაიტზე მითითებულია, რომ საქმის აღძვრის საფუძვლად ქცეული ვიდეო „აღმოჩენილია“ 2023 წლის 20 იანვარს. "სავარაუდოდ, საუბარია ამ დღეს გამოქვეყნებულ ვიდეოზე, რომელიც ასახავს დმიტრი გავრილოვის გამოსვლას თბილისში - ღონისძიებაზე, ის ხუმრობდა რუსებზე, მშობლიური ქვეყნის დატოვებაზე გამოცხადებული მობილიზაციის გამო და მისი თანამოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებაზე საქართველოში", – იუწყება „მედიაზონა“.