გამოცემა Meduza-ს ცნობით, რუსეთში გაყიდვებიდან ამოიღეს იმ გაზეთის ტირაჟები, რომლის პირველ გვერდზე ალექსეი ნავალნი ფოტო იყო გამოსახული. ამის შესახებ გაზეთ Sobesednik-ის ჟურნალისტმა, ელენა მილჩანოვსკამ ადგილობრივ გამოცემებთან ისაუბრა.
„ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულია და ჩვენთვის საშიშიც კი. ჩვენ არანაირი კანონი არ დაგვირღვევია”, – განაცხადა მილჩანოვსკამ და აღნიშნა, რომ ტირაჟის ამოღებით რედაქციამ, დაახლოებით, 300 ათასი რუბლი იზარალა.
Meduza-ს ერთ-ერთი მკითხველიც უდასტურებს, რომ ნავალნის ყდიანი გაზეთის ნომრის შეძენა ვერ შეძლო – წყაროს ცნობით, ჯიხურში გამყიდველმა უთხრა, რომ „ბრძანება იყო, ეს ნომერი არ გაეყიდათ”. მედიასთან მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქალაქზეა საუბარი.
ალექსეი ნავალნის სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია. ის 16 თებერვალს ციხეში გარდაიცვალა.
რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება“.
ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, მათი თქმით, ნავალნი არის მოკლული და ეს იყო „აშკარა მკვლელობა“.
როგორც 19 თებერვალს ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშიმ განაცხადა, ნავალნის დედა და ადვოკატი ქალაქ სალეხარდის მორგში ნავალნის ცხედრის სანახავად არ შეუშვეს. იარმიში წერს, რომ ადვოკატი მორგიდან გამოაგდეს.
„ნოვაია გაზეტა ევროპას“ ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდის რაიონული კლინიკური საავადმყოფოს მორგშია. გამოცემას ანონიმური წყარო, სალეხარდის სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელი ეუბნება, რომ „მას უთხრეს, რომ ნავალნის სხეულზე აღმოჩენილია სისხლჩაქცევები, თავზე და მკერდზე.
წყარო ამბობს, რომ, როგორც წესი, სხვა შემთხვევებში, ციხეში გარდაცვლილი პატიმრების ცხედრები გლაზკოვას ქუჩაზე მდებარე სასამართლო მედიცინის ბიუროში გადაჰყავთ, მაგრამ „ამ შემთხვევაში ნავალნი რატომღაც კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს”.
წყაროს თქმით, ნავალნი, სავარაუდოდ, გულის გაჩერებით გარდაიცვალა, „მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, რატომ გაუჩერდა გული”.