დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წელს პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ითათბირეს. ამის შესახებ ორივე ქვეყნის წარმომადგენლები იტყობინებიან.
ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ სუნაკს შეუთანხმდა, „გავააქტიუროთ ძალისხმევა უკვე წელსვე ჩვენი გამარჯვების მოსაახლოებლად“. „საამისოდ გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები“, - დასძინა ზელენსკიმ, მაგრამ არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა.
როგორც სუნაკის ოფისმა განაცხადა, ბრიტანეთის პრემიერმა ზელენსკის უთხრა, რომ განაგრძობს მუშაობას „უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში დამატებითი ტექნიკის მიწოდებაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვება“.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინას გრძელვადიანი პერსპექტივით შეუძლია ჰქონდეს ბრიტანეთის მხრიდან დახმარების იმედი.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებით, ორმა ლიდერმა „ისაუბრა უკანასკნელ დღეებში უკრაინის წინააღმდეგ დრონებით განხორციელებული საშინელი იერიშების შესახებ“.