Reuters/Ipsos-ის ახალი გამოკითხვის თანახმად, ათიდან ექვსი ამერიკელი, მათ შორის რესპუბლიკელების მნიშვნელოვანი ნაწილი, ფიქრობს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასაკის მატებასთან ერთად უფრო არასტაბილური გახდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 18-23 თებერვალს ჩატარდა და სულ 4 638 მოქალაქე გამოიკითხა. საერთო ჯამში, გამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტთა 61%-მა განაცხადა, რომ ისინი ტრამპს აღწერდნენ, როგორც „ასაკთან ერთად არასტაბილურს“.

ამ აზრს დემოკრატების დაახლოებით – 89%, რესპუბლიკელების 30% და დამოუკიდებელი რესპონდენტების 64% იზიარებს.

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ტრამპის საერთო პოპულარობა ბოლო თვეებში თითქმის არ შეცვლილა.

ბოლო გამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტთა დაახლოებით 40% მის პრეზიდენტობას პოზიტიურად აფასებს, რაც თვის დასაწყისთან შედარებით 2%-ით მეტია. ამავდროულად, გასულ წელს, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დაწყების მომენტში მისი რეიტინგი 47% იყო.

ასევე, როგორც გამოკითხვამ აჩვენა, ამერიკელების უმეტესობა ფიქრობს, რომ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, როგორც წესი, ძალიან ხანდაზმულები არიან.

გამოკითხულთა დაახლოებით 79% დაეთანხმა განცხადებას, რომ „ვაშინგტონში არჩეული თანამდებობის პირები ძალიან ხანდაზმულები არიან ამერიკელების უმეტესობის წარმოსადგენად“.

ამასთან, გამოკითხვის მიხედვით, რესპუბლიკელების 81% მიიჩნევს, რომ 2023 წელთან შედარებით, ასაკის მატებასთან ერთად, დონალდ ტრამპი არ შეცვლილა. დემოკრატებს შორის იმ ადამიანების წილი, რომლებიც ასაკის გამო პრეზიდენტს გამოწვევებთან გამკლავების უნარს აფასებდა, 29%-დან 19%-მდე შემცირდა.

იმ ადამიანებს შორის, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ იზიარებენ, 36% თვლის, რომ ტრამპი გონებრივად მკვეთრ აზროვნებას ინარჩუნებს, რაც 2023 წლის 53%-თან შედარებით ნაკლებია.

თარგმანი: პირველი არხი