ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა სამშაბათს უნდა მიიღონ ოფიციალური გადაწყვეტილება გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მანდატის გაგრძელების შესახებ. ამის შესახებ Reuters-მა NATO-ს ოთხი დიპლომატისგან შეიტყო.
ალიანსის წევრი ქვეყნები სტოლტენბერგის მანდატის გაგრძელებაზე გასულ კვირას შეთანხმდნენ, მაგრამ გადაწყვეტილებას NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩები ოფიციალურად, სავარაუდოდ, სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცებენ.
მედია ადრე წერდა, რომ NATO-ს მოკავშირეებს იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადის გაგრძელება მემკვიდრის არჩევის სირთულის გამო სურდათ.
სტოლტენბერგის ვერც ერთმა პოტენციურმა მემკვიდრემ, როგორიცაა დანიის პრემიერი მეტე ფრედერიკსენი, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი ან ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი, ვერ მოიპოვა ნატოს 31 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა.
ნორვეგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, 64 წლის სტოლტენბერგს NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა 2023 წლის სექტემბრის ბოლოს უნდა დაეტოვებინა.
თებერვალში მან განაცხადა, რომ მანდატის გაგრძელებას არ მოითხოვდა.
სტოლტენბერგი ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა მინისტრია. ის ნატოს გენერალური მდივნის პოსტს 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს.
მისი ვადა 2022 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო. ამის შემდეგ ის ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას აპირებდა. გენერალური მდივნის უფლებამოსილების ვადა მას მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, 2023 წლის 30 სექტემბრამდე გაუგრძელდა.