აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ნიუ იორკის შტატის წარმომადგენელი, რესპუბლიკელი ჯორჯ სანტოსი კონგრესიდან გარიცხა. კენჭისყრას 311-მა კონგრესმენმა 114-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. ნიუ იორკელი სანტოსი მეექვსე ადამიანია კონგრესის ისტორიაში, რომელიც წარმომადგენელთა პალატიდან გარიცხეს. ეს იშვიათი მოვლენა ხმათა ორ-მესამედს საჭიროებს და სასჯელის ყველაზე მკაცრ ფორმას წარმოადგენს
.სანტოსს მიმდინარე წლის მაისში ბრალი წაუყენეს ელექტრონულ თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და საჯარო სახსრების მითვისებაში. მას ასევე ადანაშაულებენ წარმომადგენელთა პალატაში არსებითად ცრუ განცხადებების გაკეთებაში. ის მის წინააღმდეგ წარდგენილ 23-ვე ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს.
34 წლის ჯორჯ სანტოსი კონგრესში 2022 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად აირჩიეს. კონგრესმენის მანდატის მიღების შემდეგ მალევე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ სანტოსმა ბიოგრაფიის ნაწილი გააყალბა. კერძოდ, მას ედავებიან განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ტყუილს, ასევე კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევას. პროკურატურის ცნობით, საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის მიღებულ თანხებს ის პირადი მიზნებისთვის ხარჯავდა, მათ შორის ძვირადღირებულ ტანსაცმელზე. მას ასევე ადანაშაულებენ ცხოველთა დამცველი ყალბი საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნასა და მისი თანხების მითვისებაში.
თავად სანტოსმა აღიარა, რომ თავისი რეზიუმე „შეალამაზა“, თუმცა სერიოზულ დანაშაულს, მათ შორის თანხების მითვისებას უარყოფს.~
წყარო: მაუწყებელი