ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ფინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში ვიზიტით მყოფ ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტი ნატოში ფინეთის გაწევრიანების რატიფიცირებას მოახდენს.
ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკას.
ფინეთმა გადადგა „გულწრფელი და კონკრეტული ნაბიჯები" ანკარის უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად, - თქვა მან.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ფინეთის პოზიციას ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობისთვის ანკარის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხში.
თურქეთის ლიდერმა გაიხსენა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა ჯერ კიდევ 1924 წელს და მას შემდეგ მხოლოდ გამყარდა, რისი ნათელი მაგალითია თებერვლის მიწისძვრის ფონზე ფინეთის მხრიდან თურქეთისთვის გაწეული მხარდაჭერა.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა ფინეთთან ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობა.
2022 წელს თურქეთსა და ფინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ დოლარს მიაღწია. „ჩვენი მიზანია საწყის ეტაპზე ეს მაჩვენებელი 3 მილიარდ დოლარამდე, შემდეგ კი 5 მილიარდ დოლარამდე მივიყვანოთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, მან ნიინისტოსთან განიხილა უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის თემა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთთან მოლაპარაკებები ნატოში განაცხადის თაობაზე გაგრძელდება ალიანსის პრინციპების გათვალისწინებით და ტერორიზმთან ბრძოლის თემაზე ანკარის დამოკიდებულების გათვალისწინებით.
ფინური პრესის ინფორმაციით, ფინეთის პრეზიდენტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განუცხადა, რომ უნგრეთი არ იქნება ბოლო, ვინც ფინეთის ნატოში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს. ანკარაში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში, თუ თურქეთის პარლამენტი დაუყოვნებლივ დაიწყებს რატიფიცირებას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს გაუჭირდება არ გატეხოს ნიინისტესთვის მიცემული სიტყვა, რადგან უნგრეთის პარლამენტის სხდომა 27 მარტისთვის არის ჩანიშნული.