ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გადადო იმ გეგმის გამოქვეყნება, რომელიც გაყინული რუსული აქტივების შემოსავლის უკრაინისთვის იარაღის შესაძენად დახარჯვას ეხება. ამის შესახებ Politico წერს.

დაახლოებით 3 მილიარდი ევროს ნაწილი, რომელიც გაყინული აქტივებიდან უნდა მიიღონ, ასევე არასამხედრო დახმარებაზეც დაიხარჯება, ნათქვამია Politico-ს მიერ მოპოვებულ დოკუმენტში.

მოსალოდნელია, რომ 10% დაიხარჯება ქვეყნის აღდგენაზე, ხოლო დანარჩენი 90% გამოიყოფა იარაღის შესაძენად.

კომისიის წინადადების შემდეგ, საკითხს ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ სამიტზე განიხილავენ. ევროპული ქვეყნების ლიდერები ეძებენ გზებს უკრაინის შემცირებული სამხედრო მარაგების შესავსებად.

აშშ მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივები სრულად (250 მილიარდი დოლარი) უკრაინის დასახმარებლად უნდა გამოიყენოს, თუმცა ამ იდეას ევროკავშირში ბევრი ეწინააღმდეგება სამართლებრივი და ფინანსური რისკების გამო.

ფონ დერ ლაიენის ინიციატივაა, რომ თანხა მთლიანად არ გამოიყოს იარაღის შესყიდვებისთვის, რომელიც ევროპის მშვიდობის ფონდს უნდა გადაეცეს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა თებერვალში მხარი დაუჭირა ამ ვარიანტს, როდესაც მან თქვა, რომ "დროა დავიწყოთ საუბარი გაყინული რუსული აქტივების მოგების გამოყენებაზე, უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივად შესაძენად."

ამის ნაცვლად, თანხის ნაწილი ასევე უზრუნველყოფს კიევის საბიუჯეტო მხარდაჭერას.

ტექსტში ასევე ნახსენებია თანხების გამოყენება უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მოდერნიზაციისთვის.

გეგმის მოდიფიცირება რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგობის გამო მოხდა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ თანხის იარაღის შესაძენად გამოყენებას.