უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის წინადადება სანქციების სიაში საქართველოს პოლიციის იმ ხელმძღვანელთა შეყვანის შესახებ, რომლებმაც პროტესტანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრძანება გასცეს, - იუწყება სააგენტო 444.hu.


ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. 

„საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირმა დღეს პოლიტიკური ფარისევლობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. აბსოლუტურად გასაგებია, რაზედაც აქ ვსაუბრობთ: ვინაიდან საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მოიგეს არა  ლიბერალურმა პარტიებმა, არა იმ ლიბერალურმა ძალებმა, რომლებსაც ბრიუსელი სასურველად თვლიდა, არამედ კონსერვატიულმა, მშვიდობიანობის მომხრე, პატრიოტულმა პარტიამ, (...) მათ დაიწყეს პრიმიტიული პოლიტიკური შეტევა საქართველოზე" - თქვა სიიარტომ და აღნიშნა, რომ აუცილებელია პატივი ვცეთ ქართველი ხალხის არჩევანს

„გასულ კვირას, როდესაც კოლეგა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  ბუდაპეშტში იმყოფებოდა, მან მითხრა, რომ აქციის მონაწილეებს შორის ხშირად არიან უკიდურესად აგრესიული დემონსტრანტები, რომელთა მოქმედების შედეგად ორმოცამდე პოლიციელი დაშავდა, მათ შორის, დაახლოებით 2 ათეულამდე, სერიოზულად". - განაცხადა პიტერ სიიარტო

მისი თქმით, ცნობები, სადაც მხოლოდ პოლიციის ძალადობაზეა საუბარი, ცალმხრივია.