ჩიკაგოში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა დენიელ ელსბერგი, პრესის თავისუფლებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლი. ოჯახის ცნობით, მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა პანკრეასის კიბო.
ელსბერგი ცივი ომის დროს მუშაობდა RAND-ის კორპორაციაში, რომელიც დაკავებული იყო აშშ-ს ხელისუფლების საიდუმლო სტრატეგიული დაგეგმვით.
1960-იანი წლების შუა პერიოდში, ელესბერგი საიგონში სახელმწიფო დეპარტამენტის ეგიდით იყო მივლინებული. ელსბერგს, ჰარვარდის კურსდამთავრებულსა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის ყოფილი ჯარისკაცს, შთამბეჭდავი რეზიუმე ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ელსბერგი ვიეტნამის ომის მხარდამჭერი იყო, 2003 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი "საიდუმლოებები: მოგონებები ვიეტნამისა და პენტაგონის დოკუმენტების შესახებ", რომელშიც მან აღიარა, რომ ვიეტნამში ერთი კვირის შემდეგ, ამ ქვეყანაში ორწლიანი მივლინების დასაწყისშივე, მიხვდა, რომ შეერთებული შტატები ვერ შეძლებდა ამ ომის მოგებას.
1971 წელს ელსბერგმა ჟურნალისტებს გადასცა საიდუმლო კრებული: „გამოკვლევა: ამერიკულ-ვიეტნამური ურთიერთობები, 1945-1967 წლებში", რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც "პენტაგონის დოკუმენტები". მათი მოცულობა შვიდი ათასი გვერდი იყო. დოკუმენტებში მითითებული ფაქტები საფუძვლად დაედო სტივენ სპილბერგის ფილმს"საიდუმლო დოსიე".
"პენტაგონის დოკუმენტების" გამოქვეყნების შემდეგ, აშშ-ს ხელისუფლებამ დაიწყო კამპანია ელსბერგისა და სხვა შესაძლო გამჟონაველთა წინააღმდეგ. ამას მოჰყვა „უოტერგეიტის სკანდალი“ და აშშ-ის 37-ე პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის გადადგომა.
ბოლო წლებში დენიელ ელსბერგი გახდა მწერალი და ლექტორი, რომელიც მხარს უჭერდა მთავრობის ქმედებების გამჭვირვალობას და ხმას იმაღლებდა ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ.