პაკისტანმა ირანიდან ელჩი გაიწვია. ეს პასუხი იყო თეირანის მიერ პაკისტანის საჰაერო სივრცის დარღვევაზე, რომლის შედეგადაც პაკისტანის ცნობით, ორი მოზარდი დაიღუპა და სამი დაიჭრა.
პაკისტანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ოფიციალური ისლამაბადი იტოვებს უფლებას, უპასუხოს უკანონო აქტს და შედეგებზე პასუხისმგებლობას თეირანს აკისრებს.
"გასულ ღამეს ირანის მიერ პაკისტანის სუვერენიტეტის არაპროვოცირებული და აშკარა დარღვევა არის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების შელახვა.
ეს უკანონო ქმედება სრულიად მიუღებელია და მას არავითარი გამართლება არ აქვს. პაკისტანი იტოვებს უფლებას, რომ უპასუხოს ამ უკანონო ქმედებას. შედეგებზე პასუხისმგებლობა კი თავად ირანს ეკისრება.
ჩვენ ამის შესახებ შეტყობინება ირანის მთავრობას მივაწოდეთ. ასევე ვაცნობეთ, რომ პაკისტანი თეირანიდან საკუთარ ელჩს გაიწვევს, ხოლო პაკისტანში ირანის ელჩი, რომელიც ამჟამად სამშობლოში იმყოფება, შესაძლოა, ჯერ არ დაბრუნდეს პაკისტანში. გარდა ამისა, გაუქმებულია ორ ქვეყანას შორის უახლოეს დღეებში დაგეგმილი ყველა ორმხრივი ვიზიტი", - წერს პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
16 იანვარს ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალებმა დასავლეთ პაკისტანში ბელუჯისტანის ტერორისტული დაჯგუფების "ჯაიშ ალ-ადლის" პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა, თუმცა, მალევე გააუქმა განმარტებების გარეშე.
პაკისტანი მესამე ქვეყანაა ერაყისა და სირიის შემდეგ, რომელსაც ირანმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაარტყა. პაკისტანი ატომური იარაღის მფლობელია.