ამერიკელი სამხედრო კონსულტანტები უკრაინას არსებულ პოზიციებზე გამაგრებას, თავდაცვაში გადასვლას და მომდევნო წლის განმავლობაში ძალების აღდგენას ურჩევენ. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ზოგი კონსულტანტი უკრაინას "შეკავებისა და განვითარების" სტრატეგიაზე გადასვლას ურჩევს, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა ეტაპობრივად შეძლებს შეიარაღების წარმოების განვითარებას.
ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ამ სტრატეგიის ფარგლებში უკრაინა უფრო თვითკმარი იქნება, რაც კიევს საშუალებას მისცემს მოიგერიოს რუსეთის მხრიდან შესაძლო შემდგომი აგრესია. ამ მიდგომის მიხედვით, უკრაინამ უნდა შექმნას საკმარისად მოცულობითი და შეიარაღებული ძალების ახალი, მძლავრი შენაერთები, რამაც რუსეთს უნდა უბიძგოს უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებების დაწყებისკენ.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ამერიკელები ასევე სწავლობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ანექსირებულ ყირიმზე განხორციელებულ წარმატებულ დარტყმებს. პენტაგონის მაღალჩინოსნების ცნობით, ყირიმზე განხორციელებული დარტყმები წარუმატებელი კონტრიერიშის ნათელი წერტილი იყო. ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინას შეუძლია ამგვარი დარტყმების სტრატეგიის გაგრძელება და პარალელურად ძალების აღდგენა.
ამ გეგმის აღსრულების ზედამხედველობისთვის პენტაგონმა კიევში გაგზავნა გენერალი ანტონიო აგუტო, რომელიც უკრაინის დახმარების ძალისხმევას ამ დრომდე გერმანიაში მდებარე ნატოს სამხედრო ბაზიდან ხელმძღვანელობდა. წყაროების ცნობით, აგუტო კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელებთან ახლო კონტაქში იმუშავებს.