ირანი აპირებს შეზღუდული შეწყალების ან სასჯელის შემსუბუქებას ზოგიერთი ირანელი პატიმრისთვის, მათ შორის დემონსტრანტებისთვის, რომლებიც ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ The New York Times წერს.
The New York Times აცხადებს, რომ ხელისუფლება პოლიტპატიმრების დიდი უმრავლესობის შეწყალებას არ გეგმავს.
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, გაათავისუფლებს ან სასჯელს შეუმსუბუქებს ათიათასობით პატიმარს, მათ შორის ბოლო დემონსტრაციებში დაკავებულებს და სხვა დანაშაულებში მსჯავდადებულებს.
ამავდროულად, ირანელი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამნისტია მოჩვენებითია და ის არ ვრცელდება მთელ რიგ ბრალდებებზე, რომლითაც ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები არიან დაკავებული.
სახელმწიფო კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტო Fars-ის ცნობით, გამორიცხულია ჯაშუშობის, შეიარაღებული ქმედების, მკვლელობის ან ტრავმის მიყენების, გარკვეული ჯგუფების წევრობის, უცხოური დაზვერვის აგენტებთან კონტაქტის ან საზოგადოებრივი ქონების განადგურებაში მსჯავრდადებული პირების შეწყალება.
ასევე ეს ზომა არ შეეხებათ იმ პატიმრებს, რომლებიც მსჯავრდადებული არიან "ღვთის მტრობაში." ეს სწორედ ის მუხლია, რომელიც სიკვდილით დასჯილი 19 პატიმრიდან, უმრავლესობას ჰქონდა წაყენებული.
Fars წერს, რომ სხვა პატიმრები მხოლოდ "მას შემდეგ გათავისუფლდებიან, რაც გამოთქვამენ სინანულს და დადებენ პირობას, რომ არ გაიმეორებენ ჩადენილ დანაშაულებს."
ირანის ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰადი ღაემმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რთულია ამნისტიის შედეგების ხილვამდე მთავრობის დაპირებების შეფასება, თუმცა, სავარაუდოდ, უბრალო მომიტინგეების მაქსიმუმ მცირე ნაწილი შეიძლება გათავისუფლდეს.
"როგორც ჩანს, შეწყალება უფრო პროპაგანდაა, ვიდრე რეალურად პოლიტპატიმრების დიდი რაოდენობის გათავისუფლება", - თქვა მან. "ჩვენ ნამდვილად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ირანში 10 000 პოლიტპატიმარია. სანამ ისინი ციხეში არიან, ეს შეწყალება ნამდვილად არ არის არსებითი."