აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის მოსამართლემ უპირობო გამოშვება მიუსაჯა, რაც ნიშნავს, რომ ტრამპს ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე უდასტურდება გაყალბების 34 შემთხვევის ბრალდება, თუმცა არანაირი სასჯელი არ უწესდება.

მანჰეტენის მოსამართლე ხუან მერჩანმა, რომელმაც ტრამპს განაჩენი გამოუტანა, ამბობს, რომ სასჯელის ზომის გადაწყვეტამდე მას ყველა ფაქტორის გათვალისწინება მოუხდა, თუმცა ის იურიდიული დაცვა, რომელიც ტრამპს პრეზიდენტის რანგში იქნება, არის "ფაქტორი, რომელიც ყველა დანარჩენს გადაწონის".

"ამ იურიდიულ დაცვათა არაორდინარული მასშტაბის მიუხედავად, ერთი რამ, რასაც ისინი არ ითვალისწინებს ისაა, რომ ისინი არ წაშლის მსაჯულთა ვერდიქტს", — თქვა მერჩანმა სასამართლო სხდომაზე.

ტრამპის უპირობო გამოშვება ნიშნავს, რომ იგი არ დაჯარიმდება, არ მოხვდება ციხეში და არც პრობაცია შეეხება, თუმცა ძალაში დარჩება მისი დამნაშავედ ცნობა, რაც მას ხდის აშშ-ის ისტორიაში პირველ პირად, რომელიც პრეზიდენტი დამნაშავედ ცნობის შემდეგ გახდება. 

მისი დამნაშავედ ცნობა გარკვეული სახის შეზღუდვებს მაინც უწესებს — მაგალითად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში მას აეკრძალება ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვა. 

დონალდ ტრამპი სასამართლო პროცესს, ფლორიდაში მდებარე თავისი სახლიდან, ადვოკატთან ერთად, ვიდეო კავშირით ჩაერთო. 

ტრამპმა, საბოლოო სიტყვაში აღნიშნა რომ უდანაშაულოა, რომ ეს სასამართლო არის პოლიტიკურად მოტივირებული და მისთვის პრეზიდენტად დაბრუნებაში ხელის შეშლას ისახავდა მიზნად.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლომ გასული წლის მაისში ცნო დამნაშავედ საქმიანი მონაცემების გაყალბების 34-ვე შემთხვევაში, რაც უკავშირდება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში პორნოგრაფიული ჟანრის ფილმების მსახიობისთვის გადახდილი თანხის დამალვას.