ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის პასუხი ჰამასის მიერ ორგანიზებულ თავდასხმაზე შეცვლის მთლიან რეგიონს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის სამხრეთში ჰამასის თავდასხმის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
"ვიცი, რომ თქვენ საშინელი და სასტიკი დღეები გქონდათ, ის რისი გავლაც ჰამასს მოუწევს უარესი იქნება, ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ბრძოლას და ჩვენ ჯერ მხოლოდ ვიწყებთ",- განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ გამძლეობისთვის და უთხრა, რომ ბრძოლაში გამარჯვებას გარკვეული დრო დასჭირდება.
"ხალხი თქვენს დასახმარებლად ყველა ქვას გადააბრუნებს, გთხოვთ იდგეთ მყარად, რადგანაც ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთს",- განაცხადა ნეთანიაჰუმ.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა "ჰამასის" წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
"ჰამასის" თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულია სულ მცირე 2506 ადამიანი.