ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთი მისი საშიში და უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკის გამო გააკრიტიკა. NATO-მ რუსეთის პრეზიდენტს უპასუხა, რომ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას აპირებს. NATO-ს წარმომადგენლის განცხადებას Reuters ციტირებს.

ალიანსის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნატო არ კარგავს სიფხიზლეს და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. მან რუსეთის ბირთვულ რიტორიკას "საშიში და უპასუხისმგებლო" უწოდა. თუმცა, ჯერჯერობით ალიანსს არ უნახავს რუსეთის ბირთვულ პოლიტიკაში ცვლილებები.

"ჩვენ ვერ შევამჩნიეთ რაიმე ცვლილება რუსეთის ბირთვულ პოლიტიკაში, რომელიც გვაიძულებდა შეგვეცვალა ჩვენი პოლიტიკა", - განაცხადა NATO-ს წარმომადგენელმა.

მან ასევე აბსოლუტურად მცდარი უწოდა რუსეთის განცხადებას ბირთვული იარაღის NATO-ს წევრ ქვეყნებში განაწილების შესახებ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსების არგუმენტად მოიყვანა.

"NATO-ს მოკავშირეები მოქმედებენ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით. რუსეთი მუდმივად არღვევს თავის ვალდებულებებს შეიარაღების კონტროლის შესახებ, ბოლოს შეაჩერა მონაწილეობა ახალი START-ის ხელშეკრულებაში", - განაცხადა NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ გამოაცხადა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შაბათს განაცხადა, რომ არ არსებობს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ნიშნები.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ითხოვს დაუყოვნებლივ მოიწვიოს გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა და მოელის ეფექტურ მოქმედებას გაერთიანებული სამეფოს, ჩინეთის, აშშ-სა და საფრანგეთის მხრიდან კრემლის ბირთვულ შანტაჟთან დასაპირისპირებლად.