მოსკოვში საკუთარ სახლთან ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლულია რუსეთის რადიოაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური ჯარების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი, იგორ კირილოვი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მოკლულთა შორის კირილოვი ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო მეთაურია.
კირილოვთან ერთად მოკლულია მისი ადიუტანტიც. კირილოვმა ცნობადობა ბოლო წლებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამართული ბრიფინგების მეშვეობით მოიპოვა, რომელზედაც გენერალი უკრაინაში ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიებსა და "საბრძოლო კოღოების" გამოყვანის პროგრამაზე საუბრობდა.
რუსი Z-ბლოგერების ცნობით, აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც გენერალი სადარბაზოდან გამოდიოდა, ხოლო იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობა იქვე მდგომ ელექტრო-სკუტერზე იყო დამაგრებული.
ამავე წყაროების ცნობით, აფეთქების სიძლიერე 200 გრამი ტროტილის აფეთქების ძალას უტოლდებოდა.
ცნობილია, რომ 17 დეკემბერს კირილოვს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში მორიგი ბრიფინგი ჰქონდა დაგეგმილი.