დილის 6 საათისთვის, მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა Telegram არხზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს კრასნოგორსკის და ჩასცის რაიონებში.
გუბერნატორის თანახმად, აფეთქების ტალღამ კრასნოგორსკში ჩაამსხვრია საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრები, თუმცა, არავინ დაშავებულა.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია-ნოვოსტი“ წერს, რომ მოსკოვის ოლქის კრასნოგორსკის რაიონში დაზიანებულია 25-სართულიანი სახლის ფასადი და ფანჯრები. Telegram არხი Shot იუწყება, რომ კრასნოგორსკში დრონი ჩამოაგდეს იმ რაიონში, სადაც მოსკოვის საოლქო მთავრობის შენობა მდებარეობს.
დრონებით შეტევის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში არ მუშაობდნენ მოსკოვის შერემეტიევოს, დომოდედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს 2 უპილოტო საფრენი აპარატი და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით 2 დრონი გააუვნებელეს ბრიანსკის ოლქშიც. თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ არავინ დაშავებულა. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით გადასამოწმებელია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დრონებით თავდასხმას უწოდებს „კიევის რეჟიმის მიერ ტერორისტული აქტის მცდელობას“.