მაროკოს სასამართლომ წარმოშობით ალჟირელ ფრანგ ქალს პოლიციის შეურაცხყოფისთვის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მიზეზი სოციალურ ქსელებში გავრცელებული განცხადებები გახდა, სადაც ის კორუფციულ პრაქტიკაზე საუბრობდა.
30 წლის ინფლუენსერი, რომელიც ფსევდონიმით „Yass Naubelle“ არის ცნობილი, 13 ივნისს მარაკეშის აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის საფრანგეთში დაბრუნებას აპირებდა. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
ყველაფერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი დაიწყო. ახალგაზრდა ქალი მაროკოს პოლიციას იმაში ადანაშაულებდა, რომ ისინი „გოგოებსაც კი უმიზეზოდ აჩერებდნენ“ და საგზაო შემოწმებების დროს „ფულის გამოძალვას ცდილობდნენ“. ამავე ვიდეოში ის მარაკეშში მანქანის მართვის სტილსაც აკრიტიკებდა, მას „სახიფათოდ“ მიიჩნევდა და ამტკიცებდა, რომ ალჟირელები ბევრად უკეთ მართავენ ავტომობილს. მან თავისი სათქმელი პროვოკაციული ფრაზით დაიწყო: „მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ხალხს, ალჟირელ ხალხს. როცა ვამბობდი, რომ მანქანის ტარება არ იცით, თურმე თქვენზე უარესებიც არიან. მაროკოელი ხალხი - ეს უბრალოდ გიჟობაა, ხალხო“.











