დანიამ ყურად უნდა იღოს, რომ გრენლანდიელებს არ სურთ დანიის შემადგენლობაში ყოფნა, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„ჩვენ არ მიგვიწოდებია გრენლანდიისთვის იდეა დანიასთან კავშირის გაწყვეტის შესახებ“, - განაცხადა მარკო რუბიომ და უარყო, რომ შეერთებული შტატები რაიმე გზით ცდილობს გრენლანდიის ანექსირებას.
„ეს მთლიანად თავად გრენლანდიელების გადასაწყვეტია და მათ ნათლად განაცხადეს, რომ სურთ დანიისგან დამოუკიდებლები იყვნენ და აღარ იყვნენ ქვეყნის ნაწილი“, - ამბობს ის.
მარკო რუბიოს თქმით, შეერთებული შტატები პატივს სცემს გრენლანდიელთა თვითგამორკვევის უფლებას, მაგრამ არ დაუშვებს, რომ ისინი გახდნენ დამოკიდებული ჩინეთზე იშვიათი მიწაელემენტების საბადოების გამო.
„ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ჩინეთს, შევიდეს იქ ფულის ტომრით და გრენლანდია გახდეს მასზე დამოკიდებული“ -, თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
დანიის მედია აღნიშნავს, რომ განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც რუბიო შეხვდა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენს. ამასთან, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს განუცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით განცხადებები უნდა შეწყდეს.
„რა თქმა უნდა, გამოვიყენე შესაძლებლობა, რათა სამეფოს სახელით გამომეთქვა გარკვეული შეხედულებები. კერძოდ, ვთქვი, რომ ამერიკის პრეზიდენტის მუდმივი განცხადებები გრენლანდიის ხელში ჩაგდების ამბიციებით, არანაირად არ არის დასაბუთებული“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ლარს ლოკე რასმუსენმა.
თუმცა, როგორც ჩანს, ამას არანაირი გავლენა არ ჰქონია ტრამპის ადმინისტრაციაზე. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, ლოკეს რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა გრენლანდიაში აშშ-ის ინტერესების ეროვნულ უსაფრთხოებასთან მჭიდრო კავშირი და ამ ინტერესების დაცვის აუცილებლობა, რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება“, - წერს დანიის მედია.