ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ ტაიმსი" აქვეყნებს.
მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებენ. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილების ტექსტი ჯერჯერობით დალუქუყლია და მის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მანჰეტენის პროკურატურა ამჟამად ტრამპის ადვოკატებთან სასამართლოში ექსპრეზიდენტის გამოცხადების შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებას, - წერს „ნიუ იორკ ტაიმსი".
მანჰეტენის საოლქო პროკურატურა 2016 წლის არჩევნების დროს საარჩევნო ფონდიდან პორნოვასკვლავისთვის ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეს იძიებს. საქმის მასალების მიხედვით, ტრამპის ადვოკატმა პორნომსახიობ სტორმი დენიელსს 130 000 დოლარი გადაუხადა, რათა მას არ ესაუბრა ტრამპთან ურთიერთობის დეტალებზე.
ამერიკის ისტორიაში არასდროს მომხდარა მოქმედი ან ყოფილი პრეზიდენტისთვის სისხლისსამართლებრივი ბრალის წაყენება.
დონალდ ტრამპი პორნომსახიობთან ურთიერთობას და მისთვის თანხის გადახდას კატეგორიულად უარყოფს და მისთვის ბრალის წაყენებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.
„მე მჯერა, რომ ჯო ბაიდენს ცუდად შეუტრიალდება კუდიანებზე ეს ნადირობა. ამერიკელებს კარგად ესმით რას აკეთებენ რადიკალი მემარცხენე დემოკრატები. ისინი ყველაფერ ხედავენ. ჩვენი პარტია - ერთიანი და ძლიერი - პირველ რიგში დაამარცხებს ელვინ ბრეგს (მანჰეტენის საოლქო პროკურორი - „აიპრესი"), შემდეგ კი ჯო ბაიდენს და გამოვყრით კაბინეტებიდან ამ არაკეთილსინდისიერ დემოკრატებს, რათა შევძლოთ გავხადოდ ამერიკა ისევ დიადი", - განაცხადა დონალდ ტრამპმა