ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება არა დაშინება ან შანტაჟია, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვისა და ბელარუსი ხალხისთვის მშვიდობის უზრუნველყოფის შესაძლებლობაა, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსი ხალხისა და ეროვნული კრებისადმი მიმართვისას განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილ გარემოებებში და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ჩემ მიერ დაჟინებით გააქტიურდა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები ბელარუსში ბირთვული იარაღის დაბრუნებაზე. სწორედ იმ ბირთვული იარაღის დაბრუნებაზე, რომელიც გატანილ იქნა. შედეგი ცნობილია. მე არ ვცდილობ ვინმეს დაშინებას, დაშანტაჟებას. მე მინდა, დავიცვა ბელარუსის სახელმწიფო და უზრუნველვყო ბელარუსი ხალხისთვის მშვიდობა. თავისი ისტორიით, მთელი თავისი არსებობით, ჩემმა ხალხმა ეს დაიმსახურა. მათრახის ქვეშ ცხოვრება აღარ გვინდა და მონები არ ვიქნებით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკო ასევე გამოეხმაურა დასავლეთის მხრიდან ბელარუსისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესაძლებლობას.
„ისინი ამბობენ, რომ თუ ბელარუსში ბირთვულ შეიარაღებას განათავსებთ, ჩვენ თქვენ წინააღმდეგ სანქციებს დავაწესებთ? გაგიჟდით? დაგავიწყდათ,რომ ისინი უკვე დააწესეთ გუშინ? რისი უნდა გვეშინოდეს დღეს? დღეს ჩვენ უბრალოდ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. სწორედ ამიტომ ჩემი მიმართვა დღეს ამაზე ავაგე. ჩვენ დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას და უზრუნველვყოფთ ამას ყველა შესაძლოა საშუალებებით მათ შორის ბირთვული არსენალით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.