უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ NATO–ს პოზიციაა, რომ უკრაინის ტერიტორიებით ვაჭრობა არ განიხილება.
"უკრაინის პრეზიდენტი და მე იენს სტოლტენბერგთან მუდმივ კავშირში ვიმყოფებით და გარწმუნებთ, რომ მისი პოზიცია მკაფიოა და ზუსტად ისეთია, რაც უკრაინას აქვს: უკრაინის ტერიტორიებით ვაჭრობა არ განიხილება", - განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, ოფიციალური კიევი აგრძელებს მუშაობას ნატოში სწრაფი გაწევრიანების საკითხზე.
NATO–ს გენერალური მდივნის შტაბის უფროსმა სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი მისი ტერიტორიის ნაწილზე „უარის“ თქმის სანაცვლოდ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსგავს დისკუსიებს უწოდა "აბსოლუტურად მიუღებელი" და ხაზი გაუსვა, რომ ისინი რუსულ ნარატივს ეთამაშებიან.
მოგვიანებით იენსენმა „შეცდომა“ უწოდა თავის სიტყვებს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების შესაძლო სცენარის შესახებ, რუსეთისთვის ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ.