ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთი სამხედრო დანაშაულებისთვის პასუხს აგებს.
„რუსეთმა ახალი წელი კიევის, ხარკოვისა და სხვა ქალაქების მიმართულებით ასზე მეტი რაკეტის გასროლით, დრონის გაშვებით, მშვიდობიანი მოსახლეობის დამიზნებით, საცხოვრებელი უბნებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განადგურებით დაიწყო. რუსეთი სამხედრო დანაშაულებზე პასუხს აგებს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, - წერს ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში.
3 იანვრის დილის მონაცემებით, კიევსა და ხარკოვზე რუსეთის მორიგი თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. დაშავებულია ათობით ადამიანი.
2 იანვრის დილას, კიევში თითქმის 6 საათს გაგრძელდა საჰაერო განგაში. რუსეთი უკრაინის დედაქალაქს თავს დაესხა დრონებითა და რაკეტებით. რუსებმა მასობრივი დარტყმა განახორციელეს ხარკოვზეც. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვამ რამდენიმე ათეული რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.