"ვაგნერის" კერძო სამხედრო კომპანია ჩართულია აფრიკიდან მიგრანტების ნაკადის ზრდის წახალისებაში. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა.
მისი თქმით, ამ გზით მოსკოვი უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებზე შურისძიებას ცდილობს.
"ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ მიგრაციის ექსპონენციალური ზრდა აფრიკის სანაპიროებიდან, არის "ვაგნერის" დაჯგუფების მიერ განხორციელებული ჰიბრიდული ომის მკაფიო სტრატეგიის ნაწილი აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში მისი მნიშვნელოვანი წონის გამოყენებით", - თქვა კროზეტომ.
თავდაცვის მინისტრმა ნატოს მოკავშირეებს მოუწოდა, იტალიას მიგრანტების მზარდი რაოდენობის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ.
"ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, შეურაცხყოფა მიაყენა კროზეტოს და თქვა, რომ არ იცის იტალიაში მიგრაციული კრიზისის შესახებ.