გუშინ, ნიდერლანდების ქალაქ ჰააგის მალიველდის მოედანზე, ულტრამემარჯვენეებმა თავშესაფრის პოლიტიკის გამკაცრების მოთხოვნით გამართეს საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქციის დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ მალიველდის მოედანზე შეკრებილ 1500-მდე დემონსტრანტთა დაახლოებით 1000 კაცისგან შემდგარი ჯგუფი გამოეყო მთავარი მაგისტრალის გადაკეტვის მიზნით. აქციის ორგანიზატორებმა მათი შეჩერება ვერ შეძლეს, პოლიცია კი დაუყოვნებლივ შეეცადა კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთას.
პოლიციის ცნობით, დემონსტრანტთა დაახლოებით 1000- კაციანმა ჯგუფმა მის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ძალა გამოიყენა და პოლიცია იძულებული გახდა ისინი წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით შეეჩერებინა.
ძალადობრივი არეულობის დროს მომიტინგეებმა პოლიციელებს ქვები ესროლეს და პოლიციის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს, პარტია D66-ის (დემოკრატები 66; ევროპის სიდიდით მესამე პარტიის, „ალდეს“ წევრი - „აიპრესი“) ოფისი კი დაარბიეს. დაშავდა ექვსი ჟურნალისტი - ხუთი ფოტორეპორტიორი და ერთი ტელეჟურნალისტი - და ორი პოლიციელი.
ჰააგის მერის, იან ვან ზანენის თქმით,„ ხულიგნების ჯგუფმა დააზიანა პარტია D66-ის და სერიოზული მცდელობები განახორციელეს ბინენჰოფში (შენობათა კომპლექსი, სადაც ნიდერლანდების პარლამენტი და პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაა - „აიპრესი“) შეჭრის მიზნით. საბედნიეროდ, ეს აღკვეთეს“.
„ჩემი მადლიერება უსაზღვროა და ჩემი აღტაცება, თუ შესაძლებელია, კიდევ უფრო დიდია პოლიციისა და ყველას მიმართ, ვინც დღეს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილი შეიტანა. ეს ძალადობა უპრეცედენტოა და ნიდერლანდებისთვის ღირსების შემლახველია“, - თქვა ვან ზანენმა.
პოლიციის ცნობით, ვანდალიზმის აქტები დღეს შუადღისას ქალაქის ცენტრშიც დაფიქსირდა. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ კადრებში, სხვა მსგავს შემთხვევებში, ჩანს, როგორ ესვრიან სკამებს პოლიციელებს ღია ცის ქვეშ კაფეების გარეთ. „პოლიციას ესხმოდნენ თავს, ცხენებს ესხმოდნენ თავს, ჟურნალისტებს ესხმოდნენ თავს“ - თქვა ვან ზანენმა.
პროკურატურა იუწყება, რომ ამ დროისთვის სულ მცირე 30 ადამიანი დააკავეს. ასევე შეიქმნა პოლიციის სპეციალური მასშტაბური საგამოძიებო ჯგუფი არეულობაში მონაწილე პირების მოსაძებნად.
„ჩვენ კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავაპატიმრებთ“, - აცხადებს პროკურატურა.