გერმანიამ კანაფის მოხმარებისა და გაყიდვის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, იქონიონ 25 გრამი კანაფი რეკრეაციული მიზნებისთვის, გაზარდონ მაქსიმუმ სამი ნერგი ან შეიძინონ მარიხუანა "კანაფის კლუბებში".
ბერლინი ამ გზით ცდილობს, შეზღუდოს შავი ბაზარი და შეამციროს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული.
მცირე რაოდენობით კანაფის ქონა გერმანიაში ლეგალური მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანამ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის გეგმა დაიწყო. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ევროპის მასშტაბით აღნიშნული კანონპროექტით გერმანიაში კანაფის ყველაზე ლიბერალური კანონი იმოქმედებს.
"კანაფის კლუბებში", სადაც მარიხუანა ხელმისაწვდომი იქნება და რომლებშიც ადამიანები გაწევრიანდებიან, დამონტაჟებული უნდა იყოს ისეთი კარები და ფანჯრები, რომლებიც კლუბს ქურდობისგან მაქსიმალურად დაიცავს. ამასთანავე, კლუბის წევრები უნდა იყვნენ გერმანიის მცხოვრებლები - 18 წლის ასაკის ან მეტის.
კანონპროექტის მიხედვით, სკოლებთან, ბაღებთან, სათამაშო ან სპორტული მოედნების სიახლოვეს მარიხუანის მოხმარება დაუშვებელია.
ინდივიდებს საშუალება ექნებათ იყიდონ დღეში 25 გრამამდე, ან თვეში 50 გრამამდე კანაფი - ეს მაჩვენებელი 21 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის 30 გრამამდე შემოიფარგლება.
ჯანდაცვის მინისტრმა, კარლ ლაუტერბახმა კანაფთან დაკავშირებით გატარებულ კანონპროექტს "გარდამტეხი წერტილი" უწოდა.