გერმანული პრესა ქვეყანაში ექიმების დიდი დეფიციტის, არაგერმანული პასპორტის მქონე ექიმების რიცხოვნობის ზრდის და ამასთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემების შესახებ წერს.

ქვეყანაში ექიმების დიდი დეფიციტის დაძლევა საზღვარგარეთელი ექიმების დასაქმებით არის შესაძლებელი და მათი რაოდენობა, გერმანიის სამედიცინო ასოციაციის სტატისტიკის თანახმად, 1993 წლის 10000-იდან და 2013 წლის 30000-იდან, გასული წლის ბოლოს 63 763-მდე გაიზარდა, - წერს tagesschau და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში გერმანული პასპორტის გარეშე დასაქმებულ ექიმთა უმეტესობა არის სირიიდან (6120), რუმინეთიდან (4668), ავსტრიიდან (2993), საბერძნეთიდან (2943), რუსეთიდან (2941) და თურქეთიდან (2628).

რაინლანდ-პფალცის მიწის სახელმწიფო სამედიცინო ასოციაციის გენერალური დირექტორი იურგენ ჰოფარტი ამბობს, რომ უცხოელი კოლეგების ერთი ნაწილის მიერ გერმანული ენის ცუდი ცოდნა ის მზარდი პრობლემაა, რომელიც, რიგ შემთხვევაში, სიცოცხლისთვის საშიში გაუგებრობებს წარმოქმნის და ეს პრობლემა, შესაძლოა, კიდევ უფრო გამწვავდეს უახლოეს წლებში.

ენის ცუდი ცოდნის გამო, უცხოელ კოლეგებს ტერმინები „მკერდის (არეში) ტკივილი" (Brustschmerz) და „მუცლის (არეში) ტკივილი" (Bauchschmerz) ერთმანეთში ერევათ და კუჭს უყურებენ, როდესაც ინფარქტის ნიშნებია. პრობლემა შეიძლება დამძიმდეს უახლოეს წლებში „რადგან უფრო და უფრო მეტი უცხოელი ექიმი გვეყოლება". ამის ერთ-ერთი მიზეზი ექიმების ნაკლებობაა და მათზე მოთხოვნილებას, უახლოეს წლებში, გერმანია საკუთარი ძალებით ვერ დააკმაყოფილებს, რადგან მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველწლიური, დაახლოებით 11000 კურსდამთავრებულიდან, არ უერთდება ექიმთა რიგებს, - ამბობს იურგენ ჰოფარტი.