ისრაელის ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ღაზას სექტორში ისრაელის საომარ გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ისრაელის მიზანი "ჰამასის" სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურება და ღაზაზე ისრაელის პასუხისმგებლობის სრულად მოხსნაა, ახალი "უსაფრთხოების რეჟიმის" შექმნით.
გალანტმა კომიტეტის წევრებს უთხრა, რომ ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება.
"ჩვენ პირველ ფაზაში ვართ, რომელშიც მიმდინარეობს სამხედრო კამპანია საჰაერო თავდასხმებით და მოგვიანებით სახმელეთო მანევრით, რომლის მიზანიც ტერორისტების განადგურება და ინფრასტრუქტურის დაზიანებაა "ჰამასის" დასამარცხებლად და გასანადგურებლად," - აღნიშნა გალანტმა.
მისი თქმით, მეორე ეტაპზე ბრძოლა გაგრძელდება, მაგრამ უფრო დაბალი ინტენსივობით, რადგან ჯარები მუშაობენ "წინააღმდეგობის კერების აღმოსაფხვრელად."
"მესამე ნაბიჯი იქნება ღაზას სექტორში უსაფრთხოების ახალი რეჟიმის შექმნა, ისრაელის პასუხისმგებლობის მოხსნა ღაზას სექტორში ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ახალი უსაფრთხოების რეალობის შექმნა ისრაელისა და მისი მოქალაქეებისთვის." - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.