ზამთრის სამი თვის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 32 უკრაინელი სამხედრო ტყვე სიკვდილით დასაჯეს, - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიში 26 მარტს გამოქვეყნდა და აღწერს ადამიანის უფლებების მდგომარეობას უკრაინაში 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდში.
„საანგარიშო პერიოდში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა მიიღო ცნობები, სულ მცირე, 32 უკრაინელი ტყვის სიკვდილით დასჯის შესახებ 12 ცალკეული ინციდენტის დროს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ექსპერტებმა გამოჰკითხეს 60 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ახლახან გაათავისუფლეს ტყვეობიდან. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ასევე ადგილი ჰქონდა გაუპატიურების და კასტრირების მუქარას, ცემას ან მათ მიმართ ელექტროშოკის გამოყენებას.
გაეროს ექსპერტები წერენ უკრაინაში ტყვედ მყოფი რუსი სამხედროების შესახებაც. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლები 44 რუს ტყვეს ესაუბრნენ. "მათი დიდი ნაწილის ცნობით, უკრაინელები აწამებდნენ ან ცუდად ეპყრობოდნენ დატყვევებისთანავე, ან მუდმივი მოთავსების ადგილებში გადაყვანისას", - ნათქვამია დოკუმენტში.