ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებების 40 პროცენტზე მეტი უნგრეთის მიერ იბლოკება. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"უნგრეთის ამჟამინდელ პოზიციასთან დაკავშირებით გამჭვირვალობაა საჭირო," - თქვა მან და აღნიშნა, რომ არასწორია ბუდაპეშტის მრავალრიცხოვანი ვეტოების იზოლირებულ ეპიზოდებად მიჩნევა.
მან რამდენიმე მაგალითი მოიყვანა: "უკრაინის სამხედრო დახმარების მერვე ტრანში ევროპის მშვიდობის ფონდიდან (EPF), ახალი მრავალმილიარდიანი შემოსავალი კიევისთვის ამ ფონდიდან, მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რომელიც უნგრეთს მძევლად ჰყავს აყვანილი."
"და შემიძლია გავაგრძელო და გავაგრძელო: ერთობლივი განცხადება საქართველოს შესახებ, სომხეთის დახმარება EMF-დან - თითქმის ყველა საჭირო გადაწყვეტილება დაბლოკილია ერთი ქვეყნის მიერ," - ხაზგასმით აღნიშნა ლანდსბერგისმა. მან მოითხოვა, რომ ბუდაპეშტის ეს ქმედებები განიხილონ, როგორც სისტემური მიდგომა ევროკავშირის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, "რომელიც მიმართულია საგარეო პოლიტიკაში რაიმე მნიშვნელოვანი როლის შესრულებისკენ."
"ვფიქრობ, ეს ძალიან, ძალიან შორს წავიდა: თუ ამას სისტემურად შევხედავთ, ეს არის ძალიან გრძელი გამოცდილება, ეს არის ევროპის მოქმედების უნარის შეფერხების ისტორია და მასზე საუბარია საჭირო. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორც საზოგადოებამ, რომ თავი დავაღწიოთ ამას, რადგან თუ ამას არ განვიხილავთ, ჩვენ უბრალოდ ვიქნებით არაეფექტურები და ვერ შევძლებთ წინსვლას იმ მიმართულებებზეც კი, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია," - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.
"ყოველთვის, როცა აქ მოვდივართ, უნდა დავარწმუნოთ უნგრეთი, არ დაბლოკოს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები," - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჯერად საჭირო იქნება უნგრული მხარის დარწმუნება, მოხსნას უკრაინის სამხედრო დახმარების ბლოკადა.