ჯასტინ ტრიუდოს მიერ კანადაში სიქი სეპარატისტი ლიდერის მკვლელობაში ინდოეთის სავარაუდო მონაწილეობაზე საუბრის გამო ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე ნიუ-დელიმ ოტავას ქვეყნიდან ათობით დიპლომატის გაყვანა მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინდოეთმა კანადას მოსთხოვა დაახლოებით 40 დიპლომატი 10 ოქტომბრამდე სამშობლოში დააბრუნოს. Financial Times-ი ასევე წერს, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს დიპლომატიური იმუნიტეტი გაუუქმდებათ.
ნიუ-დელიმ აქამდე თქვა, რომ ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების რაოდენობრივ თანაფარდობაში "თანასწორობა" სურდა, ინდოეთში კანადის უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობაში კი რამდენიმე ათეულით მეტი დიპლომატია ვიდრე ინდოეთს ოტავაში ჰყავს.
აქამდე, 22 სექტემბერს ინდოეთმა კანადის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა დროებით შეწყვიტა.