ფინეთი უკრაინას დამატებით 188 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ შტუბბმა კიევში უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დახმარება უსაფრთხოების 10-წლიანი შეთანხმების ფარგლებში გამოიყოფა.

"10-წლიანი შეთანხმება არის ფინეთის გრძელვადიანი ვალდებულების დადასტურება უკრაინის მხარდასაჭერად", - განაცხადა შტუბბმა.

ფინეთთან დადებულ უსაფრთხოების შეთანხმებას სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და ფინეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"დღეს ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ შტუბბმა და მე ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას უსაფრთხოების თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ. ეს არის მყარი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფინეთის მზადყოფნას შემდგომი მხარდასაჭერად უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ფინეთი უზრუნველყოფს გრძელვადიან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას, ასევე გააძლიერებს პოლიტიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და რეფორმების თანამშრომლობას უკრაინასთან. ის დაეხმარება უკრაინას ენერგეტიკული სექტორის აღდგენაში, გარემოზე ზარალის შეფასებაში, საზღვრებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერებაში და უკრაინელი ჯარისკაცების სამედიცინო მკურნალობაში. მადლობელი ვარ ფინეთის უკრაინისა და ჩვენი ხალხისადმი მხარდაჭერისთვის! მადლობა დახმარებისთვის!", - წერს ზელენსკი.