Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დასავლური დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის საზღვართან თვითმფრინავებს აგროვებს.

ეს აქტივობა მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვი ომში ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების ჩასართავად ემზადება, რომ სახმელეთო შეტევას, რომელსაც უკრაინული ძალები აჩერებენ, მხარი საჰაერო სივრციდან დაუჭიროს.

დასავლელი ოფიციალური პირები მედიასთან ამბობენ, რომ უკრაინაში მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმების შიშმა აიძულა მოკავშირეების მისცენ კიევს საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო და საარტილერიო საბრძოლო მასალა.

ორი ოფიციალური პირის თქმით, ნატოს მოკავშირეების მიერ გაზიარებული დაზვერვის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთი აგროვებს თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს საზღვართან. სამშაბათს უკრაინის მხარდამჭერი ალიანსის წევრებთან შეხვედრისას, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა რუსეთის მნიშვნელოვანი საჰაერო ძალების საფრთხე.

"მან ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს მცირე დრო, რათა დავეხმაროთ უკრაინელებს შეტევისთვის მომზადებაში და რომ მათ აქვთ საკმაოდ კონკრეტული საჭიროებები", - თქვა აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

ოფიციალური პირი მედიასთან ამბობს, რომ რუსეთის სახმელეთო ძალები საკმაოდ შემცირებულია, ამიტომ ისინი ეცდებიან ყველაფერი საჰაერო ბრძოლად აქციონ.

"თუ უკრაინელებს სურთ გადარჩენა... მათ უნდა ჰქონდეთ რაც შეიძლება მეტი საჰაერო თავდაცვა და რაც შეიძლება მეტი საბრძოლო მასალა",- დასძინა ოფიციალურმა პირმა.

ნატოს მაღალჩინოსანი ამბობს, რომ დაზვერვის შეფასებით, რუსეთის საჰაერო ძალები "ფაქტობრივად საკმაოდ კარგად არის დაცული". დასავლეთი ელის, რომ რუსეთი ახალი თავდასხმებით ეცდება გათიშოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

გამოცემის ცნობით, აშშ ამ კვირის ბოლოს გამოაცხადებს დახმარების მორიგ პაკეტს, რომელიც ძირითადად მოიცავს საჰაერო თავდაცვას და საბრძოლო მასალას.