სომხეთის ხელისუფლებამ აზერბაიჯანსა და არაღიარებულ ყარაბაღს შორის მიღწეული შეთანხმებების შესახებ ოფიციალური წყაროებიდან შეიტყო, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და იქვე დასძინა, რომ "სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია".
"პირველი შენიშვნა ეხება იმას, რომ ტექსტში ნახსენებია სომხეთის შეიარაღებული ძალები - რომ მათმა დარჩენილმა ნაწილმა ყარაბაღი უნდა დატოვოს. ეს ფაქტი ჩვენთვის გაუგებარია იმ პირობებში, როცა როგორც უკვე არაერთხელ განგვიცხადებია, 2021 წლის აგვისტოდან სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში ჯარი არ ჰყავს" - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ ცეცხლის შესაწყვეტად წაყენებული პირობების კომენტირებისას.
ამასთან, მისივე თქმით, სომხური მხარე "მხედველობაში იღებს ყარაბაღის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე".
ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოების საკითხის კომენტირებისას კი ფაშინიანმა აღნიშნა, რომ "თუ რუსი სამშვიდობოები ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით გამოვიდნენ, ეს ნიშნავს, რომ მათ სრულად და უპირობოდ აიღეს საკუთარ თავზე ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფა".
გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, ყარაბაღში, "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების" შესახებ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, "წინა ხაზზე და სიღრმეში, მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით, ანტიტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში, მწყობრიდან გამოჰყავთ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების პოზიციები, მათი ხანგრძლივი საცეცხლე წერტილები, საბრძოლო საშუალებები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები".
ბაქოს მტკიცებით, "სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამიზნეს არ წარმოადგენს - ნადგურდება მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები".
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, "ოპერაციის შესახებ წინასწარ ეცნობა კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ხელმძღვანელობასა და თურქულ-რუსულ მონიტორინგის ცენტრს".
მანამდე, ბაქომ, ჭურვის აფეთქების შედეგად, აზერბაიჯანის შსს-ს 4 თანამშრომლის დაღუპვის შესახებ განაცხადა. მისივე მონაცემებით, ჭურვი "სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა, აზერბაიჯანის კუთვნილ ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში, ტერორისტული მიზნით ჩადო".
დღეს აზერბაიჯანმა ყარაბაღში ოპერაციის შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსი მშვიდობისმყოფელების შეთავაზებას დათანხმდნენ.