"86600 კვ. კმ მოიცავს მთიან ყარაბაღსაც, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში უნდა განიხილებოდეს", - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რაც არ უნდა თქვას სომხეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, სომხეთის ყველა მთავრობამ აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. არ ვიცი, როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად დავაკონკრეტო.
სომხეთი მზადაა, აღიაროს 86600 კვ.კმ.-ის ტერიტორიული მთლიანობა და, ჩვენი აზრით, აზერბაიჯანი მზადაა, აღიაროს სომხეთის 29800 კვ.კმ.-ის ტერიტორიული მთლიანობა. თუ ამ საკითხში ერთმანეთს სწორად გავუგებთ, მაშინ სომხეთი, დიახ, აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას 86 600 კვადრატულ კილომეტრზე იმ გაგებით, რომ აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას 29 800 კვადრატულ კილომეტრზე.
მეორეც, მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი უნდა განიხილებოდეს სტეფანაკერტ-ბაქოს დიალოგის გზით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ამ მოლაპარაკებების საერთაშორისო გარანტიების შექმნა. ჩვენ ვგულისხმობთ, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი შეიძლება დავიწყებას მიეცეს და აზერბაიჯანმა შეიძლება, გააგრძელოს ეთნიკური წმენდა და მთიანი ყარაბაღის სომხების გენოციდის პოლიტიკა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს გარანტიები, რომ ეს პოლიტიკა არ გაგრძელდება", - განაცხადა ფაშინიანმა.