სომხეთი არჩევანის წინაშე დგას - გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანა ან სხვისი მორჩილი გუბერნია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
”ღრმა მნიშვნელობა იმისა, რაც ჩვენთან ხდება ბოლო წლებში, მდგომარეობს შემდეგში: იქნება სომხეთი სუვერენული, თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა თუ დაშინებული გუბერნია ”, - თქვა ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი უნდა იყოს მშვიდობიანი, განვითარებული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. „მაგრამ ამ გზაზე ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი ნება, გვქონდეს თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ მივყვებით ამ გზას, პატივს ვცემთ ყველა ჩვენს კოლეგას, მაგრამ ველით იგივე პატივისცემას ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, სუვერენიტეტისა და თავისუფლების მიმართ“, - განაცხადა სომხეთის ლიდერმა.
ამავე დროს, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ სომხეთის მოკავშირეების მიზანია „აჩვენონ, ქვეყნის დაუცველობა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის შეუძლებლობა“.
ნიკოლ ფაშინიანმა გააკრიტიკა საგარეო უსაფრთხოების სისტემები, რომელშიც სომხეთია ჩართული და განაცხადა, რომ ისინი არაეფექტურია მისი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის.
„ჩვენ ვნახეთ ამ პოლიტიკის გამოვლინებები ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ არ ვეთანხმებით განცხადებებს და ფორმულირებებს, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ სომხეთის დამოუკიდებლობას. ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი სულ უფრო მეტ ძალისხმევას მიმართვას, რათა აჩვენოს ჩვენი დაუცველობა უსაფრთხოების სფეროში. ახლა ისინი საფრთხის ქვეშ აყენებენ სომხეთის არა მხოლოდ საგარეო, არამედ შიდა უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, არღვევენ ურთიერთობების დიპლომატიურ, სახელმწიფოთაშორის ეთიკას, კორექტულობის ყველა ნორმას, შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.