ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია რუსეთის ტერიტორიაზე გენოციდად არის აღიარებული. ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატები ოლექსი გონჩარენკო და ევგენია კრავჩუკი სოციალურ ქსელებში წერენ.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ბავშვების ძალადობრივი გაყვანის შემთხვევაში ადგილი აქვს გენოციდის დანაშაულს, რაც აუცილებლად საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული და დაიწყოს სამართლებრივი დევნა“.
რეზოლუციაში ასევე დადებითად არის შეფასებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების დამცველის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერების გაცემა.
რუსეთის ხელისუფლება არ უარყოფს უკრაინელი ბავშვების გაყვანის ფაქტს რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა მას ევაკუაციას უწოდებს.