ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული tagesschau ავრცელებს.
ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრეზიდენტის ფონ დერ ლაიენის ხელახლა, მეორე ვადით არჩევას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე პორტუგალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ანტონიუ კოშტას წარადგენენ, ხოლო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე კი ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასს.
ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ფონ დერ ლაიენის ხელახალი არჩევისთვის ევროპარლამენტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო, ამის გარანტია კი ჯერ კიდევ არ არსებობს.
დიპლომატთა ინფორმაციით, ევროკავშირის 27 ქვეყნის მეთაურთა შეხვედრაზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ ფონ დერ ლაიენის კანდიდატურაზე კენჭისყრის დროს თავი შეიკავა და პორტუგალიელის და ესტონელის წინააღმდეგ მისცა ხმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კი ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე არ მოიწონა საკადრო თანამდებობების შესახებ რიგ ქვეყნებს შორის მიღწეული წინასწარი შეთანხმება, თუმცა, სამიტზე საკმარისი იყო ევროკავშირის 15 ქვეყნის ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობა (ევროკავშირის წევრი ქვეყნების 55%), რომელიც წარმოადგენს ევროპის მოსახლეობის 65%-ს.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კაია კალასმა დაადასტურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე მისი წარდგენის ფაქტი.
ვარაუდობენ, რომ კანდიდატურებს ევროპარლამენტი კენჭს ივლისში უყრის.