ევროკავშირი პორტებს ჩაკეტავს იმ გემებისთვის, რომლებითაც რუსული ნავთობი სანქციების გვერდის ავლით გადააქვთ. აღნიშნულ შეზღუდვას რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული ევროკავშირის სანქციების მეთერთმეტე პაკეტი ითვალისწინებს.
პროექტი უკვე გადაეცათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. მასში ახსნილი და განმარტებულია სანქციების აუცილებლობის საკითხი.
ის გემები, რომლებიც არღვევენ სანქციებს ან ეჭვმიტანილები არიან რუსული ნავთობის გადაზიდვაში სანქციების გვერდის ავლით, უნდა გავიდნენ ევროპული პორტებიდან.
გასული წლის დეკემბერში ევროკავშირმა აკრძალა რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდება, თუმცა რუსეთის ფედერაციამ შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად სხვა გზა იპოვა ზღვაში ნავთობის ერთი გემიდან მეორეზე გადატანით.