ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ლიდერმა მანფრედ ვებერმა ევროკავშირს მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ვებერთან ინტერვიუ Bayern-ის მედია ჯგუფმა 3 იანვარს გამოაქვეყნა.
"ევროკავშირის ქვეყნებმა საბოლოოდ უნდა დაიწყონ ევროპული თავდაცვის კავშირის შექმნა", - მიიჩნევს პოლიტიკოსი. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია იარაღის ექსპორტისთვის ევროკავშირის საერთო წესების აუცილებლობაზე, საერთო ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის შექმნის ინტერესებიდან გამომდინარე.
"და ჩვენ გვჭირდება ერთობლივი პროექტები, როგორიცაა ევროკავშირისთვის სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა", - აღნიშნა ვებერმა. მისი აზრით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამ ეტაპზე ხელიდან უშვებენ ასეთ შესაძლებლობას.
გარდა ამისა, ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალის ლიდერმა სახელმწიფოებს უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა.
"თუ ჩვენ არ გავაძლიერებთ უკრაინას, 2023 წელი შეიძლება კიდევ უფრო უარესი იყოს, ვიდრე გასული წელი", - თქვა მან. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ გერმანიის მთავრობამ ნატოს პარტნიორებთან თანამედროვე ტანკების მიწოდების კოორდინაცია უნდა გაუწიოს.