საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად მიშელ ბარნიე დაასახელა.
ელისეის სასახლეში თქვეს, რომ მან უნდა შექმნას ერთსულოვანი მთავრობა, რომელიც ემსახურება ქვეყანას და ფრანგ ხალხს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბარნიეს დანიშვნა ხდება "კონსულტაციების უპრეცედენტო ციკლის" შემდეგ, სტაბილური მთავრობის უზრუნველსაყოფად.
პრემიერი ინიშნება საფრანგეთის ვადამდელი არჩევნებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ.
საფრანგეთში, ეროვნული ასამბლეის არჩევნების შემდეგ, ერთგვარი პოლიტიკური ჩიხი შეიქმნა: მემარცხენე პარტიების კოალიციამ, „ახალმა სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია მეორე ადგილზე გავიდა, ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ კი - მესამეზე. ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების რაოდენობა არც ერთ პარტიულ ჯგუფს არ აქვს.
73 წლის ბარნიე არის ევროკავშირის ყოფილი მთავარი მომლაპარაკებელი "ბრექსიტის" შესახებ, ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2016-2019 წლებში. მას ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა აქვს და ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობები, როგორც საფრანგეთში, ასევე ევროკავშირში.