პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, არსებობს სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ შობამდე რუსეთმა შესაძლოა, ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი გააძლიეროს.

,,მე არ ვაკეთებ პირად პროგნოზებს და არ ვეყრდნობი ინტუიციას. ჩემთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული ინფორმაცია და მითითებები, ჩვენი, უკრაინისა და ჩვენი მოკავშირეების სადაზვერვო სამსახურებისგან, იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ და როგორ ვიმოქმედოთ. ყველაფერი ერთ აშკარა დასკვნამდე მიდის – შობამდე გარკვეული ესკალაციაა მოსალოდნელი“, – განაცხადა ტუსკმა.

მისივე თქმით, ზამთარი განსაკუთრებით რთული იქნება საზღვრებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების თვალსაზრისით. საუბარია იმ მარშრუტებზე, რომლებითაც უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის, გაზის, ნავთობისა და სურსათის ტრანსპორტირება ხდება.

ტუსკის განცხადებით, პოლონეთი კვლავ ელოდება დივერსიული აქტებისა და პროვოკაციების მცდელობებს, თუმცა, სავარაუდოდ, უფრო მასშტაბურად.

„ლატვიაში უკვე ნახეს სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, ლიეტუვა კი სერიოზული პროვოკაციის მოლოდინშია. ერთი რამ ცხადია: რუსეთი ესკალაციას გააძლიერებს და ჩვენს რეაქციას შეამოწმებს. სწორედ ეს არის პრობლემა“- აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.