ასეთი განცხადება პრეზიდენტმა დღეს თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დროს გააკეთა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს თეთრ სახლში კიდევ ერთხელ გამოთქვა წუხილი, რომ აშშ-ის მოკავშირეებმა უარი თქვეს მის თხოვნაზე ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარების შესახებ.

„ძალიან გაკვირვებული ვიყავი დიდი ბრიტანეთის ქმედებებით, რადგან ორი კვირის წინ ვკითხე მათ: „რატომ არ აგზავნით რამდენიმე გემს?“ და მათ ნამდვილად არ სურდათ ამის გაკეთება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

პრეზიდენტის თქმით, სტარმერმა გუშინ უთხრა, რომ შეხვდებოდა თავის გუნდს, რათა გადაეწყვიტა, შეუერთდებოდა თუ არა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებისთვის განხორციელებულ ძალისხმევას.

მე მას ვუთხარი: „თქვენ არ გჭირდებათ თქვენს გუნდთან შეხვედრა. თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრი. შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი გუნდი - რატომ უნდა შეხვდეთ თქვენს გუნდს, რათა გაარკვიოთ, გამოგვიგზავნით თუ ნაღმსატრალავ ხომალდებს ან კატარღებს?“  

ტრამპმა მკვეთრად არ შეაფასა  საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მზადყოფნა, შეუერთდეს ძალისხმევას ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად.

„მე ვესაუბრე მას“, - თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ  ნულიდან ათამდე შკალით, საფრანგეთის ძალისხმევას  რვიანით შეაფასებდა. 

„იდეალური არ არის, მაგრამ ეს საფრანგეთია“ - დასძინა პრეზიდენტმა.

საფრანგეთმა განაცხადა, რომ მზადაა, ომის „ყველაზე ინტენსიური ფაზის“ დასრულების შემდეგ სრუტეში გემების ესკორტირებისთვის თავდაცვითი მხარდაჭერა გასწიოს.

თუმცა, მოკავშირეებისგან მხარდაჭერის მოთხოვნის მიუხედავად, ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მათი დახმარება არ სჭირდება.

„მე არ ვცდილობ მათ თავს მოვახვიო, რადგან ჩემი პოზიცია ასეთია: ჩვენ არავინ გვჭირდება. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ერი ვართ. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია გვყავს და ეს უდავოა. ჩვენ ისინი არ გვჭირდებიან“, - თქვა მან დასძინა:

„მაგრამ ეს საინტერესოა: ზოგიერთ შემთხვევაში, ამას პრაქტიკულად არა იმიტომ ვაკეთებ, რომ ისინი გვჭირდებიან, არამედ იმიტომ, რომ მინდა ვნახო, რას მოიმოქმედებენ საპასუხოდ“.