დმიტრი მედვედევმა თავი ტელეგრამის არხზე ფრანგებს ბაყაყიჭამიები, პ-ები, ბოზის შობილები და მახინჯები უწოდა 

„ჩვენ არასოდეს არ გვიყვარდა ფრანგები.

ბაყაყიჭამია ტიპები, ჩვენ გვებრძოდნენ. და საერთოდ, ეს... პ-ები  (არა პიონერების მაგვარი, - განმარტავს ფრჩხილებში მედვედევი დეფისით მოტანილ სიტყვას და მკითხველს კიდევ უფრო აშკარად მიანიშნებს, „... პ-ები", არიან @@@-ებს რომ ნიშნავს - „აიპრესი").

ახლაც ამაში დავრწმუნდით. დაწერა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ბელგოროდზე დარტყმა კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით - ეს „თავდაცვის უფლება".


მურდლობა. ბოზის გაგდებულები. მახინჯები", - წერს თავის ტელეგრამის არხზე რუსეთის ექსპრეზიდენტი და ექსპრემიერი, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი



რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ მედვედევი ამგვარად გამოეხმაურა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების შესახებ კითხვის უპასუხოდ დატოვებას და უარს, დაეგმო უკრაინის დარტყმები ბელგოროდზე.

აღსანიშნავია, რომ რუსული სააგენტოები ან არ ასახელებენ ფრანგულ წყაროს, ან ეყრდნობიან რომელიმე რუსული სააგენტოს მიერ წყაროს მითითების გარეშე გავრცელებულ ინფორმაციას.

 „აიპრესმა" გადაამოწმა რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე და აღმოჩნდა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველდღიურ ონლაინ-ბრიფინგზე ბელგოროდის დაბომბვის შესახებ „რუსული პროპაგანდისტული სააგენტოს თანამშრომლის" დასმული კითხვის შესახებ წერს  Radio France Internationale-ის რუსულენოვანი პორტალი, თუმცა რუსული სააგენტოები მას არასრულად ციტირებენ და ცდილობენ შექმნან ისეთი შთაბეჭდილება, რომ საფრანგეთი, ერთი მხრივ, არად აგდებს აკრძალული იარაღის გამოყენებას, მეორე მხრივ კი მსხვერპლს სამოქალაქო საზოგადოებაში.

„2023 წლის 30 დეკემბერს კიევმა კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით მასიური თავდასხმები განახორციელა რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი“, - დაწერა სააგენტო ITAR-TASS-ის თანამშრომელმა (კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე) და ჰკითხა საფრანგეთის დიპლომატიური დეპარტამენტის პრესსამსახურს: „როგორია საფრანგეთის პოზიცია უკრაინის მიერ ამ ტიპის იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით?" - წერს Radio France Internationale-ის რუსულენოვანი პორტალი და იქვე მოჰყავს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი:

„არის სახელმწიფო-აგრესორი, რუსეთი, რომელიც ატარებს ტერორის სტრატეგიას, წინასწარგანზრახვით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით, აყენებს დარტყმებს კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, და აგრესიის ქვეშ მყოფი სახელმწიფო, უკრაინა, რომელიც თავდაცვის მიზნით გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად მოქმედებს." 

პორტალის თანახმად,
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ „რუსეთს აქვს შესაძლებლობა დაასრულოს ეს კონფლიქტი (პუტინის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომი - RFI) და თანამდევი ადამიანური ტრაგედია, რაზედაც მას სრული პასუხისმგებლობა ეკისრება". ამისათვის კი საჭიროა, რომ  „გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან. ეს არის აუცილებელი პირობა გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენისა და კანონის უზენაესობაზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებისთვის“.