"აფხაზეთის - პრორუსული სეპარატისტული რესპუბლიკის, რომელიც ოფიციალურად საქართველოს ნაწილია - ეროვნულ სამხატვრო გალერეაში, 21 იანვარს ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 4000 ხელოვნების ნიმუში განადგურდა, იტყობინება ადგილობრივი სახელმწიფო მედია", - ამის შესახებ CNN წერს.
"ყველაფერი დაიწვა", - განაცხადა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დინარა სმირმა, რეგიონის საინფორმაციო სააგენტო Apsnypress-ის ცნობით. "ეს არის გამოუსწორებელი დანაკლისი აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის. ცრემლები მახრჩობს. საუბარი მიჭირს".
Apsnypress-ის ცნობით, გალერეის კოლექციაში შედიოდა დევნილი მხატვრის ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი, რომელსაც სეპარატისტული რესპუბლიკა "პირველ პროფესიონალ აფხაზ მხატვრად" მიიჩნევს. მისი არც ერთი ნამუშევარი არ არის გადარჩენილი, თქვა სმირმა.
"ეროვნული სამხატვრო გალერეა მდებარეობს სოხუმში, სეპარატისტული რესპუბლიკის დედაქალაქში. აფხაზეთმა საკუთარი მთავრობის შესახებ განაცხადა და მას მხარს უჭერს რუსეთი, მაგრამ ოფიციალურად არ არის აღიარებული სახელმწიფოდ უმეტესი ქვეყნების, ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ. აფხაზეთის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2021 წელს რეგიონის მოსახლეობა დაახლოებით 244 000 იყო", - წერს CNN.
ეროვნული სამხატვრო გალერეის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზს ცეცხლი ღამით გაუჩნდა და სასწრაფო დახმარების სამსახურები ადგილზე დილით გამოიძახეს. დილის 7 საათისთვის ხანძარი ლოკალიზებული იყო, ხოლო დილის 11 საათისთვის ხანძარი ლიკვიდირებული იყო, იტყობინება Apsnypress.
აფხაზი მხატვრების დაახლოებით 150 ნახატი გადაურჩა ხანძარს, იტყობინება Apsnypress. საინფორმაციო სააგენტომ ასევე განაცხადა, რომ დე ფაქტო აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე.