ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ირანთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების რაუნდი შაბათ-კვირას, 28-29 მარტს გაიმართება. ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს პაკისტანში ირანის წარმომადგენლებთან ამ შაბათ-კვირას მოლაპარაკებების ორგანიზებაზე. ამის შესახებ CNN-ს  ორმა  ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

მიმდინარე გეგმის მიხედვით, მოლაპარაკებებს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და შესაძლოა კიდევ რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი დაესწრებიან. გაურკვეველია, იქნებიან თუ არა მათ შორის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, რომლებთანაც, როგორც ამბობენ, ირანმა უარი თქვა შემდგომ მოლაპარაკებებში ჩართვაზე.

ამავდროულად, წყაროები ამბობენ, რომ ეს გეგმები ჯერ კიდევ ძალიან ბუნდოვანია - როგორც დროის, ადგილის, ასევე შესაძლო მონაწილეების თვალსაზრისით. ადმინისტრაციის ზოგიერთ წარმომადგენელს პაკისტანთან, როგორც მასპინძელ ქვეყანასთან დაკავშირებით, ეჭვი შეაქვს.

პაკისტანი იყო მთავარი შუამავალი იმ კონტაქტებში, რომლის დროსაც ვაშინგტონმა ირანს "15-პუნქტიანი სია" გადასცა. ამაში მნიშვნელოვანი როლი  თურქეთმაც ითამაშა.

28 მარტს ზუსტად ერთი თვე შესრულდება ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის დაწყებიდან, რამაც ირანზე რეგიონის მრავალი სხვა ქვეყნის თავდასხმა გამოიწვია და სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტი პრაქტიკულად შეაჩერა, ამან კი გლობალური ფასების ზრდა გამოიწვია.